მოსამართლეთა უვადო გამწესებაზე ცვლილებების ინიციატორმა საკითხის მოხსნა გადაწყვიტა
მოსამართლეთა უვადო გამწესებაზე ცვლილებების ინიციატორმა საკითხის მოხსნა გადაწყვიტა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა ურთიერთდაპირისპირების, ხმამაღალი საუბრისა და აზრთა სხვადასხვაობის ფონზე წარიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრები მსჯელობდნენ ცვლილებაზე, რომელიც  სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლისთვის, უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საკითხის ხელახლა განხილვას გულისხმობს.

საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს  მიაჩნიათ, რომ შეცდომა და არაკონსტიტუციურია საბჭოს რეგლამენტით იმ საკითხის დარეგულირება, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსამართლე, რომელსაც სამწლიანი გამოცდილება აქვს, სამწლიან გამოსაცდელ ვადაში იმყოფება და საბჭო უვადოდ გამწესებაზე ეტყვის უარს.

საპირისპირო მოსაზრება აქვთ საბჭოს მოსამართლე წევრებს. მათ მიაჩნიათ,რომ მოსამართლეს უნდა მიეცეს შანსი, კიდევ ერთხელ განიხილონ მისი საკითხი. მოსამართლე წევრების მოსაზრებით, ინიციატივა არ არის უკანონო და შესაძლებელია აღნიშნული ხრვეზი რეგლამენტით დარეგულირდეს.

საბოლოოდ საკითხის ინიციატორმა, ირაკლი შენგელიამ საკითხის მოხსნა გადაწყვიტა და პასუხისმგებლობა საბჭოს  არამოსამართლე წევრებს დააკისრა.

„მე ვარ ამაყი, რომ საბჭომ დღეს არ მიიღო არაკონსტიტუციური გადაწყვეტულება”,- ასე გამოეხმაურა ნაზო ჯანეზაშვილი შენგელიას გადაწყვეტილებას.

ანა დოლიძემ კი, განაცხადა, რომ საბჭოში მოსამართლე წევრებს აქვთ უმრავლესობა და მათ შეუძლიათ ნებისმიერი გადაწყვეტილების გატანა.მისივე თქმით, ამ შემთხვევაში მათ მხოლოდ იმიტომ სჭირდებოდათ არამოსამართლე წევრების მხარდაჭერა, რომ პასუხისმგებლობა გაეზიარებინათ.