მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ - გოჩოლეიშვილი „ბარსელონასთან“ დაპირისპირების მოლოდინშია #1TVSPORT
დონეცკის „შახტარის“ 22 წლის ფეხბურთელმა, გიორგი გოჩოლეიშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გრძნობს თავს ყველაზე პრესტიჟულ ევროპული საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩამდე.
საქართველოს ნაკრების მცველი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მისი ოცნება იყო.
„ჩემპიონთა ლიგაზე თამაში წარმოუდგენელი სიხარულია. ამ ტურნირზე თამაში და ამ ჰიმნის მოსმენა ჩემი ოცნება იყო და ეს ავისრულე. ჩემი პირადი გრძელვადიანი მოტივაციაა, კარიერაში ისეთ დონეს მივაღწიო, რომ ყოველთვის ამ დონეზე ვითამაშო, რადგან ეს არის საუკეთესო, რისკენაც ისწრაფვის ფეხბურთელი“, – განაცხადა გოჩოლეიშვილმა „უკრაინსკი ფუტბოლთან“ ინტერვიუში.
ქართველმა მცველმა ასევე კომენტარი გააკეთა, თუ რას უნდა ელოდოს „შახტარი“ ერთ-ერთ უძლიერეს მეტოქესთან, „ბარსელონასთან“ შეხვედრაში:
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში და მეტოქე განსაკუთრებულია, „ბარსელონა“ მაინც განსხვავებულია. მასთან დაპირისპირებას ყველანი მოუთმენლად ველოდებით“.
„ბარსელონა“ – „შახტარის“ მატჩი დღეს, 25 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.