„მორნარის“ მწვრთნელი - „დინამოს“ დონის გუნდთან გამარჯვება ისტორიული შედეგია #1TVSPORT
„მორნარის“ მწვრთნელი - „დინამოს“ დონის გუნდთან გამარჯვება ისტორიული შედეგია #1TVSPORT

„მორნარის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზორან დურაშკოვიჩმა „დინამო თბილისთან“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში გამარჯვებაზე (2:1, 1:1) კომენტარი გააკეთა და გუნდის ევროდებიუტის წარმატებით ემოციები არ დამალა.

„თბილისის „დინამოსთან“ გამარჯვება ჩვენთვის და მონტენეგროსთვის ისტორიული შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე 10 ფეხბურთელით დარჩა, იოლი თამაში არ იყო. წინა შეხვედრაში მსგავს ვითარებაში ჩვენც აღმოვჩნდით. ასეთი დონის გუნდთან გამარჯვება ისტორიული და დაუვიწყარია“, – განაცხადა მონტენეგროელთა მწვრთნელმა.

კომენტარი გააკეთა სტუმრების ნახევარმცველმა მარკო ჯურიშიჩმაც: „დაბადების დღეზე მივიღე საჩუქარი, რომელიც თანაგუნდელებს ვთხოვე – ჩვენ მეორე ეტაპზე გავედით. მადლობას ვუხდი მათ ამისთვის. სხვადასხვა პროვოკაციებისა და დამცირების შემდეგ ეს ადვილი არ იყო. გოლიც გავუშვით, მაგრამ შესვენებაზე ვთქვით: კმარა ეს დარტყმები, უხეშობა, პროვოკაციები. მიმაჩნია, რომ ქართველები დამსახურებულად დავამარცხეთ“.

აღსანიშნავია, რომ თამაშამდე „მორნარის“ მწვრთნელიც ამტკიცებდა, რომ ქართულმა მხარემ სტადიონი დათქმულზე ნაკლები დროით დაუთმო.

„ორი დღის განმავლობაში თბილისში ჩვენს მიმართ პროვოკაციები არ წყდებოდა. ორი დახურული ვარჯიშის ნაცვლად, სტადიონი მხოლოდ 40 წუთი დაგვითმეს. ეტყობა, „დინამომ“ არ იცის სამართლიანი თამაშის წესები და სტუმართმოყვარეობა“, – „მორნარის“ მწვრთნელმა ამის შესახებ გამოცემა Vijesti-სთან განაცხადა.