ფინეთის ქალაქ ესპოში, 4-7 ოქტომბერს, ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის ტურნირი გაიმართა.
ყოველწლიურად ამ სერიის ტურნირებში ცნობილი მოციგურავეები მონაწილეობენ, თავიანთ ახალ პროგრამებს წარმოადგენენ და მიღებული შედეგით მსოფლიო სარეიტინგო სიაში იმყარებენ საკუთარ პოზიციებს.
ქართველი მოციგურავის მორის ყვითელაშვილისათვის ახალ სეზონზე, ეს რიგით მეორე საერთაშორისო ტურნირი იყო. სლოვაკეთში მან 23 მონაწილეს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.
ფინეთში მონაწილე მოციგურავეების რაოდენობა კი საკმაოდ წარმომადგენლობით იყო, ვაჟთა კატეგორიაში სულ 17 ქვეყნის 21 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საკმაოდ ტიტულოვანი მოციგრავეები რუსეთიდან, კანადიდან, იტალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან და კორეიდან.
ქართველმა მოციგურავემ საკმაოდ საინტერესოდ იასპარეზა ტურნირის ორივე პროგრამაში, მაღალი კონკურენციის პირობებში, საერთო ქულათა ჯამით 231, 19 დამსახურებულად დაიკავა მესამე ადგილი და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, რომელიც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის სტატისტიკურ ნუსხაში ამ სეზონზე უკვე მეორე მედალია, ქართველი მოცეკვავე წყვილის – მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის მედლების შემდეგ.
ფინეთში ვაჟთა კატეგორიაში გამოსვლებს მსაჯობდა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე, რომელიც საერთაშორისო საციგურაო კავშირის ეგიდით ორგანიზებულ ყველა ტურნირზე მიწვეულია მსაჯთა შემადგენლობაში.
შემდეგი ტურნირი, სადაც მორის ყვითელაშვილი საქართველოს ღირსებას დაიცავს, გრან-პრის ტურნირის პირველი ეტაპია, რომელიც 19-22 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ევერეტში გაიმართება.
წყარო – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია