მორიგი შეხვედრა ძირითადში - ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ „ფორტუნასთან“ ქულა გადაარჩინა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძემ „ჰამბურგში“ მორიგი შეხვედრა ჩაატარა – ქართველი შემტევის გუნდი გასვლაზე დიუსელდორფის „ფორტუნას“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.
წინა კვირას „ჰამბურგმა“ ტურის მატჩი კორონავირუსის აფეთქების გამო გამოტოვა. „ფორტუნა“, რომელსაც ტიმ ვალტერის გუნდი 27-ე ტურში დაუპირისპირდა, მეორე ბუნდესლიგაში მე-12 ადგილზეა, მაგრამ პლეი ოფის ზონაში მყოფ გურამ გიორბელიძის დრეზდენის „დინამოს“ მხოლოდ 4 ქულით ასწრებდა და მოგება ჰაერივით სჭირდებოდა.
გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა მატჩის მიწურულს მოახერხეს. „ჰამბურგს“ 85-ე წუთზე ადამ ბოჟეკმა გაუტანა, მაგრამ ქართველის გუნდმა თამაში მაინც გადაარჩინა – გატცელმა 90+3-ე წუთზე „ფორტუნას“ კარი აიღო და გუნდს ქულა მოუტანა.
„ჰამბურგმა“ 27 ტურის შემდეგ 42 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზეა და ლიდერთა სამეულს 6 ქულით ჩამორჩება.