მორიგი სატრანსფერო ხმები მამარდაშვილზე - „ჩელსი“ ქართველს არისაბალაგას პოტენციურ შემცვლელად განიხილავს #1TVSPORT
სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე გიორგი მამარდაშვილი ევროპული მედიის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჩელსიმ“ კეპა არისაბალაგას პოტენციურ შემცვლელებად „ვალენსიის“ ქართველი მეკარე და დორტმუნდის „ბორუსიის“ კიპერი გრეგორ კობელი შეარჩია, – ამის შესახებ წერილს Metro.co.uk-ი ავრცელებს.
გამოცემა ამტკიცებს, რომ კეპა მადრიდის „რეალში“ იჯარით გადასვლის ზღვარზეა მას შემდეგ, რაც ტიბო კურტუამ მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონის უმეტესი ნაწილის გამოტოვება მოუწევს. ამიტომ „ჩელსის“ სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე სხვა მეკარის დამატება დასჭირდება.
„კეპამ მიიპყრო არა მხოლოდ მადრიდის „რეალის“, არამედ მიუნხენის „ბაიერნის“ ყურადღება, რომელიც ეძებდა ახალ მეკარეს მას შემდეგ, რაც მანუელ ნოიერი დეკემბერში დაშავდა. თუმცა, კეპამ გადაწყვიტა შეუერთდეს „რეალს“ და გერმანული კლუბი ხელცარიელი დატოვა. „რეალში“ კი ტიბო კურტუამ მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონის უმეტეს ნაწილს გამოტოვებს.
„ჩელსი“ კი არჩევანს მამარდაშვილსა და კობელს შორის აკეთებს და ჯერ კიდევ გასარკვევია, ვის აირჩევს, მაგრამ კეპას ხარისხიანი შემცვლელის უზრუნველყოფა გადამწყვეტია, რადგან ისინი მიზნად მომდევნო სეზონშიც ძლიერი გუნდის შენარჩუნებას ისახავენ“, – ვკითხულობთ Metro.co.uk-ში გამოქვეყნებულ წერილში.