მორიგი ამბავი კვარაცხელიას ტრანსფერზე - სლუცკის თქმით, ხვიჩა სეზონს „რუბინში“ დაიწყებს #1TVSPORT
ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ „პარიმატჩ პრემიერის“ თასის დაწყებამდე ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ილაპარაკა და ქართველი გულშემატკივრისთვის არასასიამოვნო განცხადება გააკეთა.
ყაზანელთა მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ ქართველი თავდამსხმელი სეზონს ისევ რუსეთის ჩემპიონატში დაიწყებს.
„დატოვებს თუ არა ხვიჩა გუნდს? კლუბის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მასზე არანაირი წინადადება არ მიუღია. ის სეზონს „რუბინში“ დაიწყებს“, – თქვა სლუცკიმ პრესკონფერენციაზე.
20 წლის ქართველი ფეხბურთელი „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში კვარაცხელიამ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და ზედიზედ მეორედ რუსეთის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.
არსებული ინფორმაციით, „რუბინის“ 20 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს ავლენენ ინგლისური „ლიდსი“, ესპანური „სევილია“, იტალიური „იუვენტუსი“ და „მილანი“ და გერმანიის „ბაიერნი“.
ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკების ფაქტი თავად ხვიჩამ, მისმა მენეჯერმა მამუკა ჯუღელმა და „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმაც დაადასტურეს. ანუ „რუბინს“ უკვე დაინტერესებულმა კლუბებმა მიმართეს. ორი ვარიანტია – ყაზანელებს ჯერ სასურველ თანხას არ სთავაზობენ ან „რუბინს“ ქართველი ფეხბურთელის გაშვება არ სურს.
შეგახსენებთ, რომ დღეს „პარიმატჩ პრემიერ ქაფის“ ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით ყაზანის „რუბინმა“ „ხიმკი“ 1:0 დაამარცხა.