მორაგბეების ჟესტი - ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ, მზად ვართ, რუსეთთან მატჩი მიხეილ მესხზე ჩავატაროთ
ბოლო პერიოდში აქტუალური თემა გახდა, თუ სად უნდა გაიმართოს საქართველოსა და რუსეთის სარაგბო დაპირისირება. შეხვედრა ჩანიშნული 14 მარტსაა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩამდე 12 დღით ადრე ქართველი მორაგბეები რუსეთს დინამო არენაზე უმასპინძელბდნენ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ამ ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია.
საქმე იმაშია, რომ მარტში საფარის მდგომარეობა იდეალური ისედაც არ არის და დატვირთვის შემდეგ მის აღდგენას გარკვეული დრო სჭირდება. ქართულ-რუსული სარაგბო ჭიდილის შემდეგ ქვეყნის ყველაზე ტევადმა და გამორჩეულმა არენამ 26 მარტს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშნელოვან მატჩს უნდა უმასპინძლოს. საუბარია ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზე, სადაც ჩვენი მეტოქე ბელარუსი იქნება.
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პლიუსი ბელარუსის წინააღმდეგ სწორედ რომ ბურთზე კონტროლის დამყარებაა და ბალახის საფარი მაქსიმალურად იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს.
ვლადიმირ ვაისის გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, თბილისს მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებული ესტუმრება. აი ამ ფინალურ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში კი ალბათ რთული მისახვედრი არ იქნება, თუ რა სიხარული და ემოციები გველოდება. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე! სწორედ ესაა ქართული ფეხბურთის თითოეული ქომაგის ოცნება!
საქართველოს რაგბის კავშირს რაგბი ევროპის მესვეურებისთვის ოფიციალური შეტყობინება უკვე გაგზავნილი აქვს, სადაც წერია რომ შეხვედრა დინამო არენაზე უნდა გაიმართოს.
თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არა არის.
სიტუაციაში გასარკვევად რაგბის კავშირის მარკეტინგის ხელმძღვანელს, მიხეილ ხარატს კითხვით მივმართეთ და პასუხიც მივიღეთ:
„სოციალურ ქსელში იყო გამოთქმული უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ შეიძლება საფარი დაზიანდეს და ფეხბურთელებს ბელარუსთან პრობლემები შეექმნათ. ეს შეიძლება მართლა პრობლემა იყოს. ფეხბურთელებისთის საფარის მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია და თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ოფიციალურად მოგვმართავენ რომ არ ჩავატაროთ თამაში დინამოზე და ჩავატაროთ მესხზე, ჩვენგან არანაირი პრობლემა არ იქნება. ეს ბოლო ათწლეულების ისტორიაში ქართული ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია.
ჩვენთვის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონე ბევრად ნაკლები ხალხი იქნება, პლიუს ამას ჩვენ ინფორმაცია რაგბი ევროპასაც უნდა მივაწოდოთ.
ვაანალიზებთ, ეს მატჩი ქართველი ფეხბურთელებისთის რამდენად მნიშნელოვანია და ჩვენის მხრივ მზად ვართ, მათ ხელი შევუწყოთ და თუ რამით შეგვიძლია, გვერდში დავუდგეთ. მათი წარმატება ქვეყნის ინტერესებში შედის და ამისთის ყველაფერი უნდა გაკეთდეს!“ – განაცხადა მიხეილ ხარატმა.