საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2020 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 1-ელ თებერვალს ერთა თასის ეგიდით რუმინეთის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე შედგება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბორჯღალოსნებს ევროპის ერთა თასზე ლევან მაისაშვილი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. პირველ თებერვალს საქართველოსა და რუმინეთს შორის ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდება. თემასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს რაგბის კავშირში პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების შეკითხვებს რაგბის კავშირის მარკეტინგის ხელმძღვანელი მიხეილ ხარატი პასუხობდა.
როგორც გაირკვა, საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება პარიზში პორტუგალიური მხარის მოთხოვნით გაიმართება. ასევე გადაიხედება მარტში რუსეთის წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ თამაშის ჩატარების საკითხი, რისი მიზეზიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბელარუსთან გასამართი მატჩია.