მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო, ჰარდენმა მაიამის 58 ქულა ჩაუგდო
10:23, 01.03.2019
გოლდენ სტეიტ „უორიორზი“ აღმოსავლეთის ტურნეს აგრძელებს. მოქმედმა ჩემპიონმა ფლორიდაში ორივე თამაში წააგო. მაიამი „ჰიტთან“ დამარცხების შემდეგ, სტივ კერის გუნდი დღეს ორლანდოში ადგილობრივ „მეჯიქთან“ ვერაფერს გახდა. კევინ დიურანტის გარეშე მოთამაშე სტუმრებმა თამაში ანგარიშით 96-103 წაგეს. პირველი ტაიმი მასპინძლებმა რვა ქულის სხვაობით მოიგეს. მესამე მეოთხედში „უორიორზი“ დამაჯერებელი იყო და 30-11 გაქცევა გააკეთა. თითქოს სტუმრებმა საკუთარი თამაში იპოვეს, თუმცა დასკვნით მეოთხედში ორლანდო შეუჩერებელი გახლდათ. 33-15, ამ ანგარიშით მოიგო „მეჯიქმა“ დასკვნითი პერიოდი და საბოლოო წარმატებასაც მიაღწია. გამარჯვებულებს აარონ გორდონმა ულიდერა 22 ქულით და 15 მოხსნით. გოლდენ სტეიტში, 33 ქულით, საუკეთესო სტეფ კარი იყო. ფლორიდული კლუბი პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის. „უორიორზი“ დასავლეთ კონფერენციაში პირველ პოზიციას მაინც ინარჩუნებს. სტივ კერის გუნდის ამ წარუმატებლობით ვერ ისარგებლა უშუალო კონკურენტმა დენვერ „ნაგეტსმა“. კოლორადოელები საკუთარ დარბაზში იუტა „ჯაზთან“ დამარცხდნენ და ლიდერს ისევ ერთი მოგებით ჩამორჩებიან.
ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო ჰიუსტონ „როკეტსმა“. ტექსასურმა კლუბმა საკუთარ „ტოიოტა ცენტრში“ მაიამი „ჰიტს“ 121-118 აჯობა. კვლავ გაიბრწყინა ჯეიმს ჰარდენმა. ჰიუსტონის ლიდერმა ამჯერად 58 ქულა მოიპოვა და აღნიშნულ წარმატებაში მთავარი როლი შეასრულა. ჯეიმსმა 18-დან 8 სამქულიანი ჩააგდო და 18 ნატყორცნი ჯარიმიდან არცერთი არ გაუფუჭებია. ჰარდენმა 58 ქულას 10 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნაც მიამატა. „როკეტსი“ დასავლეთში ისევ მეხუთე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში, „თი დი გარდენში“ ბოსტონ „სელტიქსს“ დაუპირისპირდება.
ინდიანა-მინესოტა 122-115
ნიუ იორკი-კლივლენდი 118-125
ოკლაჰომა-ფილადელფია 104-108
დენვერი-იუტა 104-111