მოქმედი ჩემპიონი სერიაში 2:0 დაწინაურდა - სტეფ კარი შეუჩერებელია
11:34, 17.05.2019
„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიაში, მეორე საშინაო მატჩიც მოუგო პორტლენდ „ტრეილ ბლეიზერსს“. „ორეკლ არენაზე“ გამართული მეორე დაპირისპირება, პირველისგან განსხვავებით, გაცილებით საინტერესო და დაძაბული გამოდგა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 15 ქულის სხვაობით მოიგეს. ერთ ეპიზოდში ორეგონელთა უპირატესობამ 17 ქულასაც კი მიაღწია. პორტლენდელებმა აღნიშნული კომფორტული სხვაობის შენარჩუნება ვერ შესძლეს. მასპინძლებმა მესამე მეოთხედის ბოლოდან, სერიოზული გაქცევა გააკეთეს და ბოლო წუთებს ინტრიგა დაუბრუნეს. დიურანტის არყოფნაში შეუჩერებელია სტეფ კარი. ოკლენდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა – 37 ქულა, 8 მოხსნა და 8 გადაცემა ჩაიწერა აქტივში. კლეი ტომპსონის მონაგარმა 24 ქულა შეადგინა.
მატჩის ბოლოსკენ, „ტრეილ ბლეიზერსმა“ დემიენ ლილიარდის და სეტ კარის ზუსტი ტყორცნების შემდეგ, 108:100 დაწინაურება მოახერხეს, თუმცა ვერც ეს სხვაობა შეინარჩუნეს და საბოლოოდ, „უორიორსმა“ 114-111 გაიმარჯვა.
ამ წყვილის ფინალური სერია პორტლენდში გადაინაცვლებს და მომდევნო ორი შეხვედრა „მოდა ცენტრში“ ჩატარდება. ხვალ გამთენიისას, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე თამაში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ „მილუოკი ბაქსმა“ პირველ თამაშში, საკუთარ მოედანზე „ტორონტო რეპტორზს“ ანგარიშით 108:100 მოუგო.