მოქმედი ჩემპიონი დალასთან განადგურდა და ლიდერობა დათმო
15:29, 24.03.2019
გოლდენ სტეიტ „უორიორსმა“ წლევანდელ სეზონში ყველაზე დიდი სხვაობით წააგო. მოქმედმა ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ აუტსაიდერ დალას „მავერიქსთან“ 35-ქულიანი მარცხი განიცადა. „ორეკლ არენაზე“ გამართულ მატჩში მასპინძლებს სტეფ კარი ვერ დაეხმარა, თუმცა დიურანტი, კაზენსი, გრინი და ტომპსონი მოედანზე იყვნენ. დალასელებმა სოლიდური ლიდერობა თავიდანვე მოიპოვეს, სამი მეოთხედის მანძილზე ეს ლიდერობა კიდევ უფრო განავითარეს და ბოლო პერიოდის წინ 38-ქულიანი ჰანდიკაპი მიიღეს. საბოლოოდ, 126-91 ტეხასური კლუბის სასარგებლოდ. სტუმრებს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელმა სამმაგი დუბლი გააკეთა. სლოვენიელის ანგარიშზე 23 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემაა. ვეტერანი დირკ ნოვიცკის მონაგარმა 21 ქულა შეადგინა. მასპინძელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი კევინ დიურანტს ჰქონდა, რომელმაც 25 ქულით დაასრულა შეხვედრა. ეს წაგება გოლდენ სტეიტს ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. დასავლეთში პირველ ადგილზე დენვერ „ნაგეტსი“ გადავიდა. მომდევნო ტურში, „უორიორსი“ დეტროიტ „პისტონსს“ უმასპინძლებს.
დეტროიტელებმა დღეს პორტლენდში წააგეს ადგილობრივ „ტრეილ ბლეიზერსთან“, ანგარიშით 112-117. ფაჩულიამ 6 წუთში ქულის გაკეთება ვერ შესძლო, ქართველის ანგარიშზე თითო მოხსნა და პასია. თამაშის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. მასპინძლებს დეიმეინ ლილიარდმა მოაგებინა, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში ურთულესი სამქულიანი ჩააგდო და მეტოქეს ჯარიმაც მიაღებინა. ლილიარდმა თამაში 28 ქულით და ცხრა პასით დაასრულა. პორტლენდი დასავლეთში მეოთხე ადგილზე იმყოფება. დეტროიტი აღმოსავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით მეექვსე ადგილს ინარჩუნებს.