მოპოვებული პენალტი, გოლი და საგოლე პასი - გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში შეუჩერებელია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქუტაძემ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „მეცს“ სტუმრად „ამიენთან“ 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:0.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურის მატჩი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა სტუმრად გამართა. პირველ ტაიმში მეტოქის ფეხბურთელები საიმედოდ თამაშობდნენ და გიორგი მიქაუტაძემ და მისმა თანაგუნდელებმა ვერაფერი მოახერხეს – 0:0.

მაგრამ თამაში განახლდა და ქართველმა თავდამსხმელმა „ამიენის“ მცველები ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო. 55-ე წუთზე გიორგი საჯარიმოში წააქციეს და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად მიქაუტაძემ უნაკლოდ შეასრულა და „მეცი“ დააწინაურა – 1:0.

78-ე წუთზე მიქაუტაძემ უკვე საგოლე პასი შეასრულა: გიორგიმ კუთხურიდან შესანიშნავი გადაცემით საჯარიმოში არტურ ატა მონახა, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა და „მეცის“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა.

ქართველი თავდამსხმელი მწვრთნელმა 89-ე წუთზე შეცვალა, „მეცმა“ კი საბოლოოდ 2:0 მოიგო და 22 ტურის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 2-ში მე-4 ადგილზე დაწინაურდა.

გიორგი მიქაუტაძემ ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, სულ კი 22 შეხვედრაში 11 გოლი და 5 საგოლე პასი დაუგროვდა და საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა სიას სათავეში ჩაუდგა.