მონტეირო ქუთაისის „ტორპედოს“ დაემშვიდობა - დღეიდან მეც თქვენი გულშემატკივარი ვარ #1TVSPORT
კვიპროსში, „ომონიასთან“ შეხვედრაში პედრო მონტეირომ ქუთაისის „ტორპედოს“ ფორმა ბოლოჯერ მოირგო და გუნდი დატოვა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე პედრო მონტეირომ ქუთაისის „ტორპედო“ დატოვა. მადლობას ვუხდით პედროს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე“.
30 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც კარიერას ინდონეზიაში, „მადურა იუნაიტედის“ რიგებში გააგრძელებს, კომენტარი გააკეთა და „ტორპედოს“ დაემშვიდობა.
„მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. „ტორპედოში“ გატარებული ორი წელი არასოდეს დამავიწყდება. ქუთაისი ძალიან შემიყვარდა, ის ჩემს მეორე სახლად იქცა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ კლუბის და მისი ფანების. დღეიდან მეც „ტორპედოს“ გულშემატკივარი ვარ“.
პედრო მონტეირო ქუთაისურ კლუბს 2022 წლის 31 ივლისს პორტუგალიური „აკადემიკა ვიზეუდან“ შეურთდა და ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომლის დამსახურებითაც გუნდს 18-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.
როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ 2023 წელს მონტეიროს სამი ინდონეზიური კლუბი იწვევდა, საბოლოოდ კი არჩევანი „მადურა იუნაიტედზე“ შეაჩერა.