შაბათს მონტე კარლოს მასტერსზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. მთავარ ფავორიტთაგან ტურნირს მხოლოდ ესპანელი რაფაელ ნადალი შემორჩა, რომელმაც მეოთხედფინალში ორსაათნახევრიანი ურთულესი ბრძოლა გადაიტანა არგენტინელი გვიდო პეიას წინააღმდეგ.
ჩოგბურთელებს 13-13 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ და ნადალმა მეტოქეს რეალიზაციის მხრივ აჯობა – 7:5. აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში პეია ძალიან ახლოს იყო მოგებასთან, როდესაც ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა – 4:1, შემდეგ 6:5-ზე სეტზეც აწვდიდა, მაგრამ ნადალმა შეძლო ტაი-ბრეიკამდე მიღწევა და იქ 7:1 მოგება.
საბოლოოდ, რაფამ ორ სეტში გაიმარჯვა – 7:6(1), 6:3. ნადალმა მონტე კარლოში 71-ე მატჩი მოიგო, აქედან 18 – ზედიზედ. გარდა ამისა, ესპანელს 25 სეტი ზედიზედ აქვს მოგებული. რაფა ნადალი მონაკოში მეთოთხმეტედ გავიდა ნახევარფინალში და იქ იტალიელ ფაბიო ფონინის შეხვდება.
მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს სერბმა დუშან ლაიოვიჩმა და რუსმა დანილ მედვედევმა, რომელმაც მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა – 6:3, 4:6, 6:2.