„მონაკოში“ მიქაუტაძის ტრანსფერი ჩაიშალა - ევრო 2024-ის ბომბარდირი, შესაძლოა, „ლიონში“ გადავიდეს #1TVSPORT
„მონაკოში“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი ჩაიშალა, რადგან ევრო 2024-ის ქართველმა ბომბარდირმა საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონები უარით გაისტუმრა და შესაძლოა, „ლიონში“ გადავიდეს, – ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა lequipe ავრცელებს.
„გარდამტეხი მომენტი დადგა – „ლიონის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ქართველმა თავდამსხმელმა, მიქაუტაძემ უარი თქვა „მონაკოში“ წასვლაზე, რომელმაც „მეცთან“ გასულ კვირას შეთანხმებას მიაღწია. „ლიონი“ კი „მეცს“ ოფიციალურ შეთავაზებას მალე გაუგზავნის.
მიუხედავად იმისა, რომ „ლიონი“ ახალ სეზონშიც თავისი საუკეთესო ბომბარდირის, ალექსანდრე ლაკაზეტის იმედად იქნება, 33 წლის კაპიტანს ერთ წელიწადში კონტრაქტი უმთავრდება და გუნდი თავდამსხმელს ეძებდა. ამის გამო „ლიონის“ ხელმძღვანელები მათ ქალაქში დაბადებულ და „ლიონის“ აკადემიაში გაზრდილ ჟორჟ მიქაუტაძეს დაუკავშირდნენ. მათ კოლოსალური სამუშაო გასწიეს და დაარწმუნეს ქართველი, ლაკაზეტის გუნდში დარჩენის მიუხედავად, რომელმაც საუდის არაბეთის „ოქროზე“ უარი თქვა.
სპორტულ დირექტორთან, დავიდ ფრიხოსა და აღმასრულებელ დირექტორთან, მიხაელ გერლინგერთან მუდმივ კონტაქტში ქართველ ფეხბურთელს (რომელმაც გერმანიაში 4 მატჩში 3 გოლი და საგოლე პასი ჩაიწერა) დიდი დრო არ დასჭირდა საყვარელ კლუბთან შესათანხმებლად. კონტრაქტი ხუთწლიანია და ქართველს ოდნავ მეტი ხელფასი ექნება, ვიდრე ამსტერდამის „აიაქსში“.
„ლიონი“ ახლა მოლაპარაკებას აწარმოებს „მეცთან“, რომელმაც ამ ზაფხულს ისარგებლა თავდამსხმელის ნიდერლანდური კლუბიდან (13 მილიონი ევრო) გამოსყიდვის ოფციით. კლუბმა გასულ კვირას უკვე მიიღო 20 მილიონ ევროზე (+5 მილიონი ევრო ბონუსი) თანხმობა „მონაკოდან“, მაგრამ მიქაუტაძემ სამთავროს კლუბში თამაში არ ისურვა.
„ლიონს“ იმედი აქვს, რომ „მეცი“ თანხას შეამცირებს, რადგან მოთამაშე მზად არის გარიგებისთვის. როგორც ჩანს, შეთანხმება ძალიან მალე გაფორმდება, რადგან „ლიონი“ იმედოვნებს, რომ ლიგა 1-ის სეზონის დაწყებისას შეიძლება დაეყრდნოს ქართველ თავდამსხმელს, რომელიც ამჟამად შვებულებაშია, ხოლო ლაკაზეტი აგვისტოში საფრანგეთის ნაკრებში ოლიმპიადაზე ასპარეზობის გამო ვერ დაეხმარება“, – წერს ფრანგული გამოცემა.