მომავალ უქმეებზე მონაკოს საქალაქო ტრასა ფორმულა 1-ის მორგ ეტაპს უმასპინძლებს, რომელიც მისთვის საიუბილეო მე-80 იქნება.
ფორმულა 1-ის გუნდები მონაკოს პირველად 1929 წელს ეწვივნენ. მას შემდეგ მხოლოდ რამდენიმეჯერ მოხდა ისე, რომ მონაკოში ეტაპი არ ჩატარდა. ჯამში, ისტორიულმა ტრასამ ფორმულა 1-ის ეგიდით ჩატარებულ რბოლებს 79-ჯერ უმასპინძლა. ეს შედეგი მონაკოს ამ სპორტის ისტორიაში მეორე ყველაზე ისტორიულ ტრასად აქცევს. პირველი ყველასთვის კარგად ნაცნობი „მონცას საერთაშორისო ავტოდრომია“, რომელმაც რბოლები 92-ჯერ მიიღო. მონაკოში ყველაზე მეტი 6 გამარჯვება ლეგენდარულ აირტონ სენას აქვს. კონსტრუქტორებს შორის კი ყველაზე წარმატებული „მაკლარენია“ 15 გამარჯვებით.
მონაკოს საქალაქო ტრასის სიგრძე 3.337 კილომეტრია, მრბოლელებმა 78 წრე უნდა გაიარონ, ხოლო საერთო მანძილი 260 კილომეტრია. ტრასა 19 მოსახვევისგან შედგება. „სუძუკასა“ და „იმოლას“ მსგავსად, DRS-ის აქტივაციის მხოლოდ ერთი ზონაა.
მონაკოში ეტაპი 26-28 მაისს ჩატარდება. პარასკევს, 26 მაისს, თბილისის დროით 15:30-სა და 19:00 საათზე პირველი და მეორე პრაქტიკა გაიმართება. შაბათს, 27 მაისს, 14:30-ზე მესამე პრაქტიკა ჩატარდება, ხოლო კვალიფიკაცია – 18:00-ზე. მთავარი მოვლენა – რბოლა – კვირას, 17:00-ზე დაიწყება.
თეიმურაზ სურგულაძე