მემორანდუმი გაფორმდა - ქართული რაგბი სპორტის უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს
საქართველოს რაგბის კავშირსა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბატონ გოჩა სვანიძემ და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა ჯემალ ძაგანიამ თანამშრომლობის მიზნებზე ილაპარაკეს – უნივერსიტეტი რაგბის მწვრთნელების სწავლებასა და გადამზადებას თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით უზრუნველყოფს.
მხარეების თქმით, 21-ე საუკუნეში სპორტში მოთხოვნები საგრძნობლად გაიზრდა და დიდი როლი ენიჭება პროფესიონალი დიეტოლოგებისა და ფსიქოლოგების ჩართვას, ასევე მეცნიერული მიღწევების დანერგვას.
„ქართული რაგბი სწრაფი ტემპით ვითარდება და რაგბის კავშირის მომართვას ჩვენც სიამოვნებით გამოვეხმაურეთ. სპორტს მეცნიერული თანადგომა ესაჭიროება, თანამშრომლობით გათვალისწინებულ კურსებს კი ცნობილი სპეციალისტები გაუძღვებიან. მიმაჩნია, რომ ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა იქნება“, – ამბობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტის რექტორი გურამ ძაგანია.
გოჩა სვანიძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობა სპორტის უნივერსიტეტსა და ლევან მგელაძეს, რომელიც ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. რაგბი საქართველოში იმდენად პოპულარული გახდა, ამ პროცესს მოუმზადებლები შევხვდით. დროა, რომ მომავალი თაობების გაზრდაში ის ხალხი ჩავრთოთ, რომელთაც დიდი გამოცდილება გააჩნიათ, რაც სპორტს და რაგბის ძალიან სჭირდება“.