„მაკლარენის“ ახალგაზრდა ავტორბოლების განვითარების პროგრამის წევრი ლანდო ნორისი მომავალი წლიდან ფორმულა ერთში იასპარეზებს. ის ბელგიელ სტოფელ ვანდორნს ჩაანაცვლებს, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას აპირებს. 18 წლის ნორისი ამ ეტაპზე „მაკლარენის“ სათადარიგო პილოტია. მან მიმდინარე წელს მონაწილეობა მიიღო ესპანეთსა და უნგრეთში გამართულ სატესტო რბოლებში.
„უმნიშვნელოვანესი მომენტია ჩემს ცხოვრებაში. აქამდე ამაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო. 2019 წლამდე ფორმულა 2-ში ვრჩები და ვეცდები მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენო. ამ წელს „მაკლარენის“ პილოტებთან, ინჟინრებთან და მექანიკოსებთან ინტენსიურად ვიმუშავებ. იმედი მაქვს, ახალ სეზონს მომზადებული შევხვდები“, – განაცხადა ნორისმა.
ბრიტანელი ავტომრბოლი კარლოს საინსის მეწყვილე იქნება. ეს უკანასკნელი „მაკლარენში“ ფერნანდო ალონსოს შეცვლის.