მოლოდინი ყაზახეთ-საქართველოს თამაშამდე - ვეტერანებს გამარჯვების იმედი აქვთ
მოლოდინი ყაზახეთ-საქართველოს თამაშამდე - ვეტერანებს გამარჯვების იმედი აქვთ

დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ასტანაში ყაზახეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა „ასტანა-არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რა მოლოდინია გულშემატკივრებსა და სპეციალისტებში? ამის თაობაზე პირველმა არხმა რამდენიმე კომენტარი ჩაწერა.

თენგიზ სულაქველიძე, თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი –

„რა თქმა უნდა, მოგების იმედი მაქვს – რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი! კარგად მესმის, რომ მძიმე თამაში გველის, მაგრამ ყაზახეთი ისეთი მეტოქე არაა, რომ მასთან მოგებაზე ვერ ვიფიქროთ. ცუდი ისაა, რომ ხელოვნულ საფარზე ვითამაშებთ, რაც ყაზახებს მცირე უპირატესობა იქნება. მათი ფეხბურთელთა უმრავლესობა ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობს და ასეთ საფარს მიჩვეულები არიან. თუმცა, ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომ ყველაფერი გაიღონ და ეს დაბრკოლება გადალახონ“.

ოთარ გაბელია, თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი მეკარე – 

„მჯერა, რომ 2:0-ს ან 2:1-ს მოვიგებთ. ასე დარწმუნებული იმიტომ ვარ, რომ ყაზახები ათლეტურ ფეხბურთს თამაშობენ, ჩვენებს კი ბევრად უფრო აზრიანი თამაში შეუძლიათ და მეტ ნიჭიც გააჩნიათ. შეხვედრის ბედს ინდივიდუალური ოსტატობა და თამაშის სწორი ორგანიზაცია გადაწყვეტს. ინდივიდუალურა ჩვენი უპირატესობა სადავო არ უნდა იყოს. მთავარია, ორგანიზებულად ვითამაშოთ“.

გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი –

„რთული თამაში იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მინიმუმ ფრეს ვითამაშებთ. ყაზახების პლუსია, რომ ძლიერი, წარმატებული კლუბები ჰყავთ. მაგრამ მოთამაშეთა კლასით საქართველოს ნაკრებს უკეთესია. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად ცუდი შედეგი ფრეც არ იქნება. არის ერთი ფაქტორიც – პირველი წელი არაა, რაც ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში მუშაობს, ფეხბურთელებს და გუნდს კარგად იცნობს, ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი კი მას ნამდვილად გააჩნია. ასე რომ, შეხვედრას ოპტიმისუტურად ველოდები“.

ილია კოკაია, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მეპატრონე –

 „უნდა მოვიგოთ! სხვა მოლოდინი არც მექნება. ვგულშემატკივრობ ჩვენს ნაკრებს და მჯერა, რომ ყაზახებთან ღირსეული შედეგის ჩვენებას შეძლებენ. მესმის, ეს ფეხბურთია და არანაირი შედეგი გამორიცხული არაა. მაგრამ უბრალოდ სხვა გზა არაა, თუ გვინდა, რომ ფეხბურთი საქართველოში ისევ ნომერ პირველი სპორტის სახეობა დარჩეს. დავიღალეთ იმდგაცრუებებით და ფეხბურთელებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მოსაგებად ყველაფერი უნდა გააკეთონ. სხვაგვარად, სხვა სახეობები გადაგვივლიან და მეათეხარისხოვანი სახეობა გავხდებით“.

ზაზა ახალაია, ბლოგერი –

„მაინც ოპტიმისტური განწყობაა! იმედია, რომ ეს თამაში იქნება იქნება ჩემი, უფროსი და შემდეგი თაობების ოცნების ასრულების დასაწყისის მატჩი! ის, რაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს არარსებობის გამო შეუძლებელი იყო პაიჭაძის, ღოღობერიძის, მესხის, მეტრეველის, ხურცილავას, ძოძუაშვილის, ჩივაძის, გუცაევის, ყიფიანის თაობების ფეხბურთელთათვის, რაც ვერ მოახერხეს ცხადაძის, არველაძის, ქინქლაძის, კალაძის, კობიაშვილის თაობამ, ამ ბიჭებმა უნდა შეძლონ! ჩვენი ნაკრები არის გამოცდილი, საკმაოდ მაღალი კლასის და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდების სინთეზი! განსაკუთრებით კარგია, რომ გვყავს ძალიან მაღალი დონის ცენტრალური მცველები, გუნდის ლიდერები გურამ კაშია და საბა კვირკველია. კლასით, ნიჭით ჩვენ ფავორიტები ვართ არამარტო ყაზახებთან და ჯგუფში კონკურენტებთან, არამედ საერთოდ ერთა ლიგის „დ“ დივიზიონში! მაგრამ ეს ჯერჯერობით, როგორც ვაისმა აღნიშნა, ქაღალდზეა და იმედი ვიქონიოთ, რომ შედეგებშიც აისახება! მაღელვებს, რომ მატჩისთვის მოსამზადებლად ყაზახებს მეტი დრო ჰქონდათ და შესაბამისად, შესაძლოა უპირატესობა ფიზიკაში ჰქონდეთ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამის ნიველირება მოხდება ჩვენი ბიჭების საბრძოლო განწყობით, მუხტით და რომ დაწერენ ისტორიას საქართველოსთვის! რაც მთავარია, საკუთარი ძალების რწმენა უნდა გვქონდეს, როგორც ნოდარ ახალკაცი იყო დარწმენებული ,„ლივერპულთან“ თამაშების წინ! ასე დაიწყება საქართველოს ნაკრების ახალი, წარმატებული ეპოქა!“