„მოლენბეკის“ კაპიტანმა პლეი ოფზე ისაუბრა - „სერენში“ მიქაუტაძე დამამახსოვრდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ ბელგიის ჩემპიონატში მე-17 ადგილზე გავიდა და ლიგაში დასარჩენად ორმატჩიან პლეი ოფში „მოლენბეკს“ დაუპირისპირდება – 23 აპრილს გასვლაზე, ხოლო 30 აპრილს – სახლში.
„მოლენბეკის“ კაპიტანმა ნიკოლას რომენსმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და „სერენში“ სამი მოთამაშე გამოარჩია, მათ შორის – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი.
„ლიეჟის გუნდს უკვე აქვს პლეი ოფში თამაშის გამოცდილება. გასულ სეზონში, ბელგიის ჩემპიონატის გუნდს, „ვაასლანდ ბევერენს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე ბევრად ძლიერი აღმოჩდა. „სერენს“ ბევრი ახალგაზრდა ჰყავს. გასულ სეზონში მათ წინააღმდეგ ვითამაშეთ და დავინახე, რომ გუნდს ბევრი კარგი თვისება გააჩნია, როგორც გუნდურად, ასევე ინდივდუალურად. პირადად მე გუნდში მიქაუტაძეს, მასიზსა და კილოტს გამოვარჩევ“, – განაცხადა ნიკოლას რომმენსმა.
რეგულარული სეზონი დასრულდა და „მოლენბეკი“ „სერენთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაზეა მობილიზებული. „მოლენბეკის“ კაპიტანი ამბობს, რომ იცის ლიეჟის გუნდის დადებითი და უარყოფითი თვისებები და თავისი გუნდის წარმატების დიდი იმედი აქვს.
„მათ პლეი ოფების გამოცდილება გააჩნიათ, მაგრამ ფაქტია, რომ შარშან მათი შეხვედრა გუნდის აღმავლობას დაემთხვა. ახლა კი სულ სხვა კონტექსტი და ვითარებაა – ასე ვთქვათ, „სერენი“ ნეგატიურ სპირალშია. მეტიც, მათ ლიგიდან დაქვეითება ემუქრებათ. ასე რომ, რა თქმა უნდა, მათ იციან, წაგებით რას დაკარგავენ. ეს ადვილი დაპირისპირება არ იქნება, მაგრამ ამ მატჩებისთვის კარგად მოვემზადეთ. მაგრამ რაც უნდა კარგ ფორმაში ვიყოთ, ფინალი ყოველთვის სხვა რამეა, აქ სხვა სახის ზეწოლა მოქმედებს“, – ამბობს „მოლენბეკის“ კაპიტანი.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძე „სერენში“ ზედიზედ მეორე სეზონში გახდა საუკეთესო ბომბარდირი – მან რეგულარულ სეზონში 9 გოლი გაიტანა და იუსუფ მასიზს 1 გოლით გადაასწრო.