მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პაველ ფილიპი დანიშნა
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაველ ფილიპი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
როგორც სასამართლოში განაცხადეს, პაველ ფილიპმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
შეგახსენებთ, 8 ივნისს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მემარცხენე პროევროპული ბლოკი, რომელიც პარტია „მოქმედებასა და სოლიდარობასა“ (PAS) და „ღირსებასა და სიმართლეს“ (PA) აერთიანებს, კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მათ დროებითი მთავრობა შექმნეს. აღნიშნულმა პარტიებმა სახელმწიფოს დეოლიგარქიზაციის შესახებ დროებით შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პროევროპულ ბლოკში შემავალი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ კანდიდატი მაია სანდუ დაამტკიცეს. პარლამენტის სპიკერად კი „სოციალისტების“ პარტიის ლიდერი ზინაიდა გრეჩანაია აირჩიეს.
8 ივნისს დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, როგორც სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა.
ამასთან, მოლდოვის პარლამენტმა „დემოკრატიული პარტია“ და საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა და სასამართლოს მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები უკანონოდ გამოაცხადა. საგანგებო სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს დემოკრატიული პარტიისა და რუსი ბიზნესმენის, ილან შორის პარტიის დეპუტატებმა.
2019 წლის თებერვალში, მოლდოვაში გამართული არჩევნების შედეგად მმართველი დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა ის ამ დრომდე აკონტროლებდა მთავრობას, რადგან პარლამენტში პარტიები მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევდნენ.