მოგზაურები საქართველოდან - კვარაცხელიამ და დავითაშვილმა ყაზანამდე მანქანით ჩააღწიეს
„რუბინის“ ქართველი მოთამაშეები, ხვიჩა კვარაცხელია და ზუკა დავითაშვილი საქართველოდან ყაზანში მანქანით დაბრუნდნენ – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გევრდი ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ყაზანში ჩამოვიდნენ. მოთამაშეებმა ტატარსტანის დედაქალაქამდე მანქანით უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით იმგზავრეს“ – წერს ყაზანის „რუბინის“ ოფიციალური გვერდი.
ქართველ ფეხბურთელებს ყაზანამდე ჩასასვლელად საკმაოდ რთული პროცედურის გავლა მოუხდათ. „რუბინმა“ კლუბის ლეგიონერების დასაბრუნებლად ჩარტერული რეისი ფრანკფურტიდან განახორციელა და ყაზანში ექვსი ლეგიონერი დაბრუნდა – დარკო იევტიჩი, ოლივერ აბილდგორი, კარლ სტარფელტი, პაბლო სანტოსი, სილვიე ბეგიჩი, ფილიპ ურემოვიჩი, ასევე ინგლისელი ფიზიოთერაპევტი სტიუარტ ლეკი.
მაგრამ ყაზანური კლუბის ჩარტერული რეისით კვარაცხელიასა და დავითაშვილის საქართველოდან გამგზავრება შეუძლებელი აღმოჩნდა. კლუბის ცნობით, მიზეზი საქართველოს მიერ ავიამიმოსვლების შეჩერება აღმოჩნდა. ამის გამო, ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, ყაზანში საკუთარი გზით დაბრუნებულიყვნენ და 2000 კილომეტრი მანქანით გაიარეს.
მაგრამ საამისოდ საგანგებო ნებართა დასჭირდათ: „რუბინის“ ადმინისტრაცია რუსეთის საფეხბურთო კავშირისა და რუსეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა და ქართველების ჩასვლასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემები აცნობა. ამ ორგანიზაციებმა შემდეგ საქართველოს შესაბამის სამსახურებს მიმართეს, რათა მოთამაშეებისთვის ქვეყნის დატოვების უფლება მიეცათ.
ყაზანში დაბრუნების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები, ისევე როგორც სხვა ლეგიონერები, ორი კვირის განმავლობაში სავალდებულო ორკვირიან კარანტინში იქნებიან და უახლოეს მომავალში COVID-19-ზე ტესტს გაივლიან. რაც შეეეხება რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატს, სეზონი 21 ივნისს განახლდება.