მოგება ზედიზედ მე-11 შეხვედრაში - კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ მოურინიოს „რომა“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „სტადიო ოლიმპიკოზე“ იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში „რომას“ წინააღმდეგ ითამაშა, „ნაპოლიმ“ კი გასვლაზე ჟოზე მოურინიოს გუნდი 1:0 დაამარცხა.
ამ ტურამდე „ნაპოლი“ სერია A-ში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო. ჟოზე მოურინიომ კვარაცხელიას წინააღმდეგ მცველები გონივრულად დააყენა და ხვიჩამ პირველად კარში 37-ე წუთზე დაარტყა, მაგრამ კრის სმოლინგი გადაეღობა და დარტყმა დაუბლოკა.
48-ე წუთზე კვარაცხელიამ შეტევა წამოიწყო, რომლის დაგვირგვინებასაც ირვინგ ლოსანო ცდილობდა – ძლიერი დარტყმული ბურთი რუი პატრიციომ კუთხურზე მოიგერია და გუნდი გოლისგან გადაარჩინა. 53-ე წუთზე ხვიჩამ სწრაფი კონტრშეტევის გაგრძელება სცადა, მცველი მოატყუა და კარში დაარტყა, მაგრამ ისევ სმოლინგი გადაეფარა და გატანის შანსი არ მისცა.
საინტერესოა, რომ ქართველის გამო ორივე გუნდის მწვრთნელმა ყვითელი ბარათი მიიღო. პირველად ეს 58-ე წუთზე მოხდა, როდესაც კვარაცხელიას გამო დანიშნულ ჯარიმაზე მოურინიომ პროტესტი გამოთქვა. 76-ე წუთზე კი ხვიჩას მცველი ეუხეშა და თავად დააჯარიმეს – ამჯერად ლუჩანო სპალეტი აღშფოთდა და მანაც ყვითელი ბარათი მიიღო.
მე-80 წუთზე „ნაპოლი“ დაწინაურდა – მატეო პოლიტანომ შორიდან კარგი გადაცემით მოძებნა ვიქტორ ოსინემი, რომელმაც მახვილი კუთხიდან ულამაზესი დარტყმით სტუმრები დააწინაურა 1:0.
„ნაპოლიმ“ ყველა ტურნირში ზედიზედ მეთერთმეტე მოგება იზეიმა და 11 ტურის შემდეგ 29 ქულით სერია A-ში ლიდერობა შეინარჩუნა.