მოგება კონკურენტთან - „დინამომ“ „დილა“ დაამარცხა და მეორეზე დაწინაურდა #1TVSPORT
„დინამო არენამ“ ეროვნულ ლიგაში მე-4 ტურის ლიდერთა გამოტოვებულ შეხვედრას უმასპინძლა „დინამო თბილისმა“ გორის „დილა“ მიიღო და სანახაობრივ და დაძაბულ დაპირისპირებაში მეტოქეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო.
შეხვედრა თბილისელებმა კარგად დაიწყეს და უკვე მე-2 წუთზე დმიტრი ანტილევსკიმ ანგარიში გახსნა. 41-ე წუთზე „დინამომ“ გორელთა კარი მეორედ მაინც აიღო – გიორგი პაპავამ საჯარიმო დარტყმით სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი გაიტანა და შესვენებაზე თბილისელები კომფორტული უპირატესობით გავიდნენ 2:0.
„დილამ“ მეორე ტაიმში მთელი ძალებით შეუტია და 63-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. მარცხენა ფლანგზე ვანდერსონ სილვამ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა – ბურთისთვის ბრძოლისას ვაგნერ გონსალვეშმა მცველს დაასწრო და ძალიან ეფექტური თავური დარტყმით „დილას“ იმედი დაუბრუნა 2:1.
მეტოქეებმა რეალური საგოლე მომენტი ამის შემდეგაც შექმნეს, მაგრამ საბოლოოდ, შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. 5 ტურის შემდეგ „დინამომ“ 12 ქულა დააგროვა და ქულებით გორის „დილას“ გაუთანაბრდა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე დაწინაურდა. პირველ ადგილზე კი 13 ქულით ბათუმის „დინამოა“, მაგრამ მას თბილისელებზე ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.