მოედანზე მოსწავლეები კვარაცხელიას სანახავად შეცვივდნენ - ლიდერების მატჩს „დინამო არენაზე“ 22 ათასი ადამიანი დაესწრო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში მე-11 ტური დაიწყო. პირველი ორი შეხვედრა თბილისსა და გორში გაიმართა და უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა.
ქუთაისის „ტორპედო“ მთავარი მწვრთნელის გარეშე ესტუმრა გორში „დილას“. „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ გამართულ მატჩში მე-11 წუთზე ანგარიში მასპინძლებმა ვაგნერ გონსალვესის გოლით გახსნეს. მეორედ სტუმართა კარი 90+4-ე წუთზე თამაზ მაქაცარიამ აიღო და გორელებმა 2:0 მოიგეს.
„დინამო არენაზე“ ჩემპიონატის ფავორიტი ორი „დინამოს“ დაპირისპირება გაიმართა – თბილისელებმა ბათუმელები მიიღეს – ანგარიშის გახსნის მშვენიერი შესაძლებლობა ჰქონდა ოსეი ბარნსს და ნიკა მალის, მაგრამ ბათუმელთა კარი ძელმა იხსნა. სტუმრებიდან კი კვარაცხელიამ სცადა გატანა და თბილისელები მეკარემ გადაარჩინა. მეორე ტაიმში ზურიკო დავითაშვილმაც ძელს მოარტყა ბურთი და „დინამო თბილისი“ გადარჩა.
თამაშს სკოლის მოსწავლეები უფასოდ ესწრებოდნენ, რომლებიც შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე რამდენიმეჯერ შევარდნენ და ყველა შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელიასთან სცადეს მისვლა. ასე მოხდა მცირე ხნის წინ ქუთაისშიც, სადაც გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების იმედთან სელფი გადაიღო.
ისიც სათქმელია, რომ ხვიჩას და ლიდერების სანახავად „დინამო არენაზე“ 20-დან 22 ათასამდე გულშემატკივარი შეიკრიბა და ბოლო წლებში ეროვნულ ლიგაზე დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა, მაგრამ ტრიბუნაზე შეკრებილმა ხალხმა გოლები ვერ იხილა და თბილისის და ბათუმის „დინამოებმა“ ქულები გაინაწილეს 0:0.
11 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“ 24 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა, 22 ქულით მეორეზე „დილაა“, ხოლო „დინამო “ თბილისი 19 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.