მოდრიჩმა ჯოკოვიჩსა და ჰალეპს გაუსწრო და ბალკანეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი 2018 წელს საუკეთესო ბალკანელი სპორტსმენი გახდა. გამოკითხვა ჩაატარა ბულგარეთის ახალი ამბების სააგენტომ.
მეორე ადგილი დაიკავა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, მესამე – რუმინელმა ჩოგბურთელმა სიმონა ჰალეპმა.
გამოკითხვაში მონაწილეობას იღებდნენ ალბანეთის, ბოსნიის, ხორვატიის, საბერძნეთის, მაკედონიის, მონტენეგროს, რუმინეთის, სერბეთისა და თურქეთის ახალი ამბების სააგენტოები.
2018 წელს, მოდრიჩმა „რეალ მადრიდთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხორვატიის ნაკრებში კი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე მივიდა. ინდივიდუალური პრიზებიდან ხორვატმა მოიგო „ოქროს ბურთი“, ასევე ფიფასა და უეფას პრიზები.