ქუთაისის „ტორპედო“ ევროპალიგის პირველი ეტაპის საკვალიფიციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „ორდაბასს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 18 ივლისს, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.
რადგან ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე რეკონსტრუქციის გამო დახურულია, შეხვედრა თბილისში გაიმართება და „ტორპედოს“ ადმინისტრაციამ გულშემატკივრებს მიმართა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მატჩს გულშემატკივართა დიდი რაოდენობა დაესწროს. „ტორპედო“ ის კლუბია, რომლის წარმატებაც გულშემატკივრებთან ასოცირდება. შესაბამისად, თქვენი როლი ამ მატჩშიც განსაკუთრებული იქნება. „ტორპედოს“ თქვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება. თამაშზე დასწრების მსურველი ქუთაისელი გულშემატკივრისთვის „ტორპედოს“ ადმინისტრაცია აუცილებლად გამოყოფს ტრანსპორტს. ყველა იმ გულშემატკივარს, რომელმაც ბილეთი შვიდ ლარად უკვე შეიძინა, საჩუქრად საკლუბო ატრიბუტიკას გადავცემთ. მოდი მიხეილ მესხზე!” – მიმართავს „ტორპედო“ გულშემატკივრებს.
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახეთში 0:1 დამარცხდა, მაგრამ მინიმალური წაგება ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედს უტოვებს.
რამდენიმე დღეა, ამ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ვებგვერდ TKT.GE-ზე მიმდინარეობს. თავდაპირველად, ბილეთის ფასი შვიდი ლარი იყო, თუმცა, კლუბის, გულშემატკივრის ინტერესისა და მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი ორი ლარი იქნება.