მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმეზე მოსამართლესა და ადვოკატს შორის შელაპარაკება მოხდა
საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის შესახებ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმეზე მოწმის დაკითხვისას მოსამართლესა და ადვოკატს შორის შელაპარაკება მოხდა.
თემურ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს, რომელმაც მოწმის ჩვენების შინაარსი განმარტა, უთხრა, რომ მისი პოზიცია ამ საქმეზე ცნობილია.
„თქვენი პოზიცია ამ საქმეზე ცნობილია, თქვენ აკეთებთ შეფასებას და ამ პროცესზე მაინც ნუ დააფიქსირებთ პოზიციას”, – მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს.
ბადრი კოჭლამაზაშვილი დაინტერესდა, რა პოზიციაზე საუბრობს ადვოკატი, რასაც გარკვეული შელაპარაკება მოჰყვა.
ადვოკატმა განაცხადა, რომ მოწმეს აქვს თემურ ჯანაშიას გამამართლებელი პასუხები მოსამართლე კი, პროცესში ერევა.
მოსამართლემ ადვოკატს მოუწოდა, დასვას შეკითხვები და მოისმინოს პასუხები.
ამის შემდეგ სასამართლოზე ფინანსთა ყოფილი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწმის სახით დაკითხვა გაგრძელდა. ბექა ბასილაიას შეკითხვები რამდენჯერმე გააპროტესტა პროკურორმა.
შეკითხვები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების მიზნობრივ ხარჯვას ეხებოდა.