ნიქოზიას „აპოელმა“, სადაც სამი ქართველი თამაშობს, ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ბულგარულ შეკრებაზე ქალაქ პრავეცში და დამარცხდა.
კვიპროსული კლუბი ისრაელის „ბნეი სახნინს“ დაუპირისპირდა. კვიპროსელთა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს. თორნიკე ოქრიაშვილსა და მურთაზ დაუშვილს არ უთამაშიათ.
ამხანაგურ მატჩში „აპოელს“ გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, მათ შორის, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს. 41-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში თავით გააგზავნა, მაგრამ მეკარემ მოიგერია.
49-ე წუთზე მას კიდევ ერთი ძალიან კარგი შანსი მიეცა, როდესაც ბრაზილიელი დანილოს დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი მეკარის უკანა მხარეს დაეცა, მაგრამ ქვილითაიამ დამატება ვერ მოახერხა. 83-ე წუთზე ისრაელის გუნდის დაცვა შეცდა და გიორგიმ კიდევ ერთხელ სცადა გატანა, მაგრამ მეკარემ ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა.
ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე გავიდა. „ბნეი სახნინის“ ფრანგმა თავდამსხმელმა უორენი თავით ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „აპოელი“ დამარცხდა.
ბულგარულ შეკრებაზე „აპოელმა“ პირველი ამხანაგური მატჩი საბერძნეთის სუპერლიგის წარმომადგენელ „სმირნასთან“ ითამაშა და 0:0 დაასრულა.