მხოლოდ ლეგიონერების გოლებით - „ტორპედომ“ გასვლაზე „კოლხეთი“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-15 ტურის ყველაზე უხვგოლიან და სანახაობრივ შეხვედრაში ფოთის „კოლხეთი 1913“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 2:5 დამარცხდა.
ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გამართული მატჩი „ტორპედომ“ შესანიშნავად დაიწყო და 23-ე წუთზე ანგარიში ელიტონ ჟუნიორის გოლით გახსნა. 37-ე წუთზე ჟორჟინიომ „კოლხეთის“ კარი მეორედ აიღო და შესვენებამდე ქუთაისელები კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ – 0:2.
მეორე ტაიმში ფოთელებმა 53-ე წუთზე სხვაობა გიორგი ხარებავას საჯარიმო დარტყმით სწრაფად შეამცირეს, მაგრამ ექვს წუთში ბიორნ იონსენი საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შევიდა, ორ მცველს ეფექტურად გასცდა და ასევე ეფექტური გოლით „ტორპედოს“ ორბურთიანი სხვაობა აღადგინა.
86-ე წუთზე ფელიპე პირესმა გამოიჩინა თავი, ხოლო 90+1-ე წუთზე მასპინძლებს ნიკოლა ნინკოვიჩმა გაუტანა. საბოლოო ანგარიში კი 90+5-ე წუთზე პენალტით „კოლხეთის“ ნახევარმცველმა, გიორგი მელქაძემ დააფიქსირა.
„ტორპედომ“ ამ მოგებით 26 ქულა დააგროვა, ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა და მეოთხე პოზიციაზეა, ხოლო „კოლხეთი“ (15) მე-8 ადგილზე დაქვეითდა.