მისი თამაშის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი - ქვილითაია „აპოელს“ ჯერ ვერ დაეხმარება, ოქრიაშვილის მდგომარეობაც გაურკვეველია #1TVSPORT
მისი თამაშის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი - ქვილითაია „აპოელს“ ჯერ ვერ დაეხმარება, ოქრიაშვილის მდგომარეობაც გაურკვეველია #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია, დიდი ალბათობით, კვირას აეკ-თან „აპოელს“ ვერ დაეხმარება – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა „სპორტ ტაიმი“ წერს.

„აპოლონს“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონობის კარგი შანსი აქვს. კვიპროსის სუპერლიგის ბოლო ტურებში გუნდს ორი შეხვედრა ელის კონკურენტებთან და მოგების შემთხვევაში, დიდი ხნის შემდეგ ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს. 1 მაისს „აპოელი“ ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლებს, ხოლო 8 მაისს „აპოლონს“ ესტუმრება. 28 ტურის შემდეგ „აპოელი“ 50 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. ამდენად წამყვანი თავდამსხმელის არყოფნა გუნდისთვის დიდი პრობლემა იქნება.

„ქვილითაიას საქმე რთულდება – გიორგიმ პარასკევს აეკ-თან მატჩის წინ ვარჯიში ინდივიდუალურად გააგრძელა. ამგვარად, მისი დერბიში მონაწილეობის შანსები მინიმუმამდეა დაყვანილი და სავარაუდოდ, მწვრთნელი კვირის მატჩში მის თამაშს არ გარისკავს. ყველაფერი საბოლოოდ აჩვენებს, რომ ქართველი თავდამსხმელი მომავალი კვირიდან ტემპის გაზრდას შეეცდება, რათა „აპოლონთან“ ბოლო მატჩისთვის მზად იყოს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

„სპორტ ტაიმის“ ცნობით, ქვილითაიასთან ერთად, თორნიკე ოქრიაშვილის თამაშიც სათუო გახდა.

„პრობლემა აქვს ოქრიაშვილსაც – „აპოელში“ შეშფოთებულები არიან მისი მდგომარეობით. ოქრიაშვილი გუნდის ბოლო ვარჯიშზე ვირუსის გამო არ მონაწილეობდა. ეს დამატებითი პრობლემაა სოფრონის ავგუსტისთვის, რომელიც დაელოდება შაბათის ვარჯიშს, რათა შეაფასოს ფეხბურთელის მდგომარეობა და გაიგოს, უნდა ჰქონდეს თუ არა მისი იმედი აეკ-ის წინააღმდეგ“, – ამტკიცებს გამოცემა.