მიშიკო სარდალიშვილი - „შუქურას“ ევროსაგზურისთვის ბრძოლაც შეუძლია [ვიდეო] #1TVSPORT
მიმდინარე სეზონში ქობულეთის „შუქურას“ საუკეთესო ბომბარდირი მიშიკო სარდალიშვილი დარწმუნებულია, რომ ეროვნული ლიგის წლევანდელი სეზონი ყველაზე რთული იქნება – ამის შესახებ 28 წლის თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„გულშემატკივრები კარგი სეზონის მომსწრეები არიან, რადგან ლიგაში გამოკვეთილი აუტსაიდერი არაა და 3 ქულას ვერც ერთ გუნდთან ვერ დაგეგმავ. უკეთესი ჩემპიონატი გვექნებოდა, თამაშებზე მეტი მაყურებელი რომ დადიოდეს და უკეთესი მოედნები იყოს. მაგრამ ჩვენსავით კიდევ რამდენიმე გუნდია, რომელიც საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობს. ამით ჩემპიონატს მაყურებელი აკლდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მიშიკო სარდალიშვილი.
ქობულეთის „შუქურას“ თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს ევროთასებისთვის ბრძოლის პოტენციალი გააჩნია.
„გუნდში საიმისო პოტენციალი ნამდვილად არის, რომ ევროსაგზურისთვის ვიბრძოლოთ და ლიდერებს კონკურენცია გავუწიოთ. ბიჭები ყველანაირად შევეცდებით, რომ გულშემატკივრების მოლოდინი გავამართლოთ. პრობლემა ისაა, რომ სხვა ქალაქებში გადასვლით გუნდები ვზარალდებით. ქობულეთში რომ ვთამაშობდეთ, დარწმუნებული ვარ, ახლა მეტი ქულა გვექნებოდა, რადგან გულშემატკივარს დიდი ძალა აქვს“, – აცხადებს 28 წლის თავდამსხმელი.
მიშიკო სარდალიშვილი მიმდინარე სეზონში ქობულეთის „შუქურას“ საუკეთესო ბომბარდირია – მან 9 მატჩში სამი გოლი გაიტანა, მათ შორის, ბოლო ტურში „თელავთან“, სადაც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.