მიქელთაძემ უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ისაუბრა - საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ეს მამისთვის უნდა გავაკეთო #1TVSPORT
ბექა მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეთსის“ რეკორდსმენი გახდა – ამის შესახებ ავსტრალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სადაც 24 წლის ქართველ თავდამსხმელთან ინტერვიუ გამოქვეყნდა:
„ქართველმა ლეგიონერმა სახელი გოლის გატანის ფანტასტიკური უნარით უკვე გაითქვა. ბექა მიქელთაძე „ნიუკლას ჯეტსს“ სეზონის წინ ორწლიანი კონტრაქტით შეუერთდა და უკვე შევიდა კლუბის რეკორდსმენებში – მან გაიმეორა ჯოელ გრიფიტსის 2008 წლის შედეგი და ზედიზედ ხუთ მატჩში გაიტანა. მიქელთაძემ ეს სხვადასხვაგვარად მოახერხა. მათ მხოლოდ ერთი დეტალი აკავშირებთ – გოლის აღნიშვნისას ცისკენ მიმართული მისი თითი და თავი. 24 წლის თავდამსხმელი ყველა გოლს გარდაცვლილ მამას უძღვნის. სეზონის დაწყებამდე ბექას ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს – მამა გარდაიცვალა. კოვიდის და იმდროინდელი შეზღუდვების გამო, მან ვერ შეძლო სახლში დაბრუნება და ამ განცდებით ჩაატარა პირველი მატჩი. მას შემდეგ მიქელთაძეს დამატებითი მოტივაცია გაუჩნდა, რომ თავისი გმირისთვის ეთამაშა და ყოველ ჯერზე, როცა გააქვს, მას პატივს მიაგებს“, – წერია ინტერვიუს შესავალში.
„მამა იყო ჩემი მწვრთნელი, მეგობარი, მრჩეველი და ჩემთვის ყველაფერი იყო. მას უნდოდა, მეთამაშა, ამიტომ ყოველდღე, როცა ვიღვიძებ, საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ეს მისთვის უნდა გავაკეთო. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემს გვერდითაა და რა თქმა უნდა, ყოველ გოლს მას ვუძღვნი. მე ახლა რაც ვარ, მამაჩემის წყალობით გავხდი. დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, არა მხოლოდ ჩემს კარიერაზე, არამედ ცხოვრებაშიც“, – ამბობს მიქელთაძე.
მიქელთაძემ „მაკარტურთან“ (2:2) პენალტით გაიტანა და გულშემატკივრებს აჩვენა საგანგებოდ მომზადებული მაისური, რომელზეც გამოსახული იყო უკრაინის დროშა:
„მსგავსი აგრესია საქართველოში განვიცადეთ და ვიცი, ეს რა რთულია. ბევრი უკრაინელი მეგობარი მყავს და ახლა უკრაინელი ხალხის მიმართ ჩემი სიყვარული და სოლიდარობა ასე თუ შემიძლია გამოვხატო“.