მიქელთაძემ „როტორთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა
მიქელთაძემ „როტორთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

ბექა მიქელთაძე კარიერას ისევ ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა პირველ არხთან ინფორმაცია თავად დაადასტურა.

„გადაწყვეტილია, რომ ისევ ვოლგოგრადის „როტორში“ ვითამაშებ. გუნდი პრემიერლიგაში გადავიდა და ეს ჩემთვის მისაღები და კარგი ვარიანტი იყო. კონტრაქტი კი 1+1 სისტემით გავაფორმეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბექა მიქელთაძემ.

დასრულებულ სეზონში ვოლგოგრადის „როტორი“ რუსული, რანგით მეორე ლიგიდან პრემიერლიგაში დაწინაურდა. გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა, ზამთარში ყაზანის „რუბინიდან“ იჯარით 22 წლის ბექა მიქელთაძე და 23 წლის ნიკა ყიფიანი დაიმატეს, რომელთაც თავდამსხმელი ანზორ სანაია ადგილზე დახვდათ.

მიქელთაძე 2019 წლის ზაფხულში ყაზანის „რუბინში“ ჩაირიცხა, მაგრამ იჯარით „როტორში“ გადავიდა. ყაზანელებთან ბექას კონტრაქტი 31 მაისს დაუსრულდა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.