მიქელთაძემ ისევ გაიტანა და ბომბარდირებში მეორე ადგილზეა [ვიდეო] #1TVSPORT
ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ა-ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა და „ნიუკასლ ჯეტსს“ მოგებაში დაეხმარა, თავად კი ბომბარდირობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
რეგულარული სეზონის 26-ე ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდი გასვლაზე „მაკარტურს“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა. ბექა მიქელთაძე „ნიუკასლ ჯეტსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მოედანზე კი საკმაოდ დიდი როლი შეასრულა.
მე-4 წუთზე სივას სიატრავანისმა (რომელიც ბერძნულ „ქსანტში“ ბექას თანაგუნდელი იყო) ანგარიში გახსნა. საჯარიმოდან მოწოდებულ ბურთს ქართველი თავდამსხმელი შეეხო, ამის შემდეგ კი სიატრავანისმა დაარტყა. 66-ე წუთზე ვალენტინო იუელიმ მასპინძელთა კარი მეორედ აიღო, ხოლო 73-ე წუთზე მიქელთაძემ ფლანგური გადაცემა გოლით დააგვირგვინა.
საბოლოოდ, „ჯეთსმა“ გასვლაზე მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო – 3:0, 29 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა. თუმცა, პანდემიის გამო პირველ წრეში ბევრი თამაში გადაიდო და გუნდმა ჯერ მხოლოდ 24 შეხვედრა ჩაატარა, ორი მატჩი კი თადარიგში აქვს.
ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში მე-13 გოლი გაიტანა (პლუს 3 საგოლე გადაცემა) და ბომბარდირთა დავაში „მელბურნ სიტის“ თავდამსხმელი ჯეიმი მაკლარენი მხოლოდ ერთი გოლით ასწრებს.