მიქელთაძემ ავსტრალიაში ისევ გაიტანა და გოლი უკრაინის მხარდაჭერით აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კანდიდატმა, ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და წარმატება უკრაინის მხარდაჭერით აღნიშნა.
ქართველი თავდამსხმელის კლუბმა „ნიუკასლ ჯეთსმა“ ავსტრალიის ა-ლიგის მე-16 ტურის შეხვედრა ერთ-ერთ ლიდერ „მაკარტურთან“ ჩაატარა და მატჩი 2:2 დაასრულა. ქართველი თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 33-ე წუთზე პენალტით წონასწორობა აღადგინა. მთავარი ამის შემდეგ მოხდა – მიქელთაძე კარის უკან გაიქცა, სადაც საგანგებოდ შენახული ჰქონდა მაისურა, რომელზეც უკრაინის დროშა იყო გამოსახული. მიქელთაძემ რუსული აგრესია გააპროტესტა და ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
16 ტურის შემდეგ „ნიუკასლ ჯეთსმა“ 18 ქულა დააგროვა და ავსტრალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. თუმცა გუნდს რეზერვში გამოტოვებული მატჩები აქვს ჩასატარებელი.
საქართველოს ნაკრების კანდიდატმა, ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ა-ლიგაში უკვე 11 მატჩი გამართა, რვა გოლი გაიტანა და ავსტრალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ „მელბურნ სიტის“ თავდამსხმელს, ჯეიმი მაკლარენს (10 გოლი) ჩამორჩება.