მიქაუტაძით „კადისი“ დაინტერესდა - ტრანსფერზე „მარსელის“ პრეზიდენტიც ფიქრობს #1TVSPORT
მიქაუტაძით „კადისი“ დაინტერესდა - ტრანსფერზე „მარსელის“ პრეზიდენტიც ფიქრობს #1TVSPORT

ლა ლიგის „კადისი“ კიდევ ერთი კლუბია, რომელიც დაუკავშირდა „მეცს“ და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო პირობებს გაეცნო – ქართველი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაციას Diario di Cadiz-ი ავრცელებს.

„ესპანურმა კლუბმა გიორგი მიქაუტაძე სატრანსფერო სიაში შეიყვანა. „კადისი“ ტრანსფერის პირობების გასარკვევად ფრანგული კლუბის პრეზიდენტს, პიერ დრეოსის დაუკავშირდა. გასულ სეზონში გუნდმა ლა ლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა და სეზონის დიდი ნაწილი ესპანური ფეხბურთის ელიტაში დარჩენისთვის იბრძოდა. ანდალუსიური კლუბი შეტევის ხაზის გაძლიერებას ცდილობს და საფრანგეთის ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშისადმი ინტერესიც აქედან გამომდინარეობს, თუმცა „მეცის“ მიერ დაწესებული სატრანსფერო ფასი (20 მილიონი ევრო) ესპანური კლუბის სურვილს აბრკოლებს“, – წერს Diario di Cadiz-ი.

ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მეცის“ ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერზე „მარსელის“ პრეზიდენტი, პაბლო ლონგორიაც ფიქრობს – იმის მიუხედავად, რომ კლუბმა უკვე დაიმატა პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ისმაილა სარი და ილიმან ნდიაე.

მიქაუტაძეზე RMC Sport-თან „მეცის“ კაპიტანმა, მატიუ უდოლმა ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, ქართველმა ზაფხულში კლუბი დატოვოს.

„სპორტული თვალსაზრისით ბევრად უკეთესი იქნება, თუ ის დარჩება, მაგრამ წასვლის სურვილი აქვს. არ ვიცი, რა ხდება კულუარებში, თუმცა, ვფიქრობ, რომ მიქაუტაძის შენარჩუნება გაგვიჭირდება. მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ფეხბურთელისთვის კი უფრო მაღალ დონეზე თამაში ყოველთვის ბუნებრივია. ნებისმიერ შემთხვევაში, მას ისეთი ინდივიდუალური თვისებები აქვს, რომ უფრო მაღალ დონეზე დიდი საქმეების კეთება შეუძლია“, – აცხადებს „მეცის“ კაპიტანი.