მიქაუტაძით ინგლისური კლუბი დაინტერესდა - გიორგი „ბარნლის“ სატრანსფერო სიაშია #1TVSPORT
ჩემპიონშიფის „ბარნლი“ სატრანსფერო ბაზარზე კვლავ აქტიური და ამბიციურია და გიორგი მიქაუტაძის გადაბირებას უმიზნებს, – ინფორმაციას lancs.live ავრცელებს.
„მაშინ, როცა ვენსან კომპანი უარყოფს ბომბარდირის საჭიროებას, ამ პოზიციაზე გუნდმა სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლო კვირებში მოთამაშე აუცილებლად უნდა დაიმატოს. ამ დროისთვის გუნდს მხოლოდ ეშლი ბარნსი ჰყავს, ხოლო ჯეი როდრიგესი ტრავმირებულია. ასევე აკლიათ სკოტ ტვინი. „ბარნლი“ ზაფხულში უკვე ეძებდა ცენტრფორვარდებს და „მეცის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს დაუკავშირდა. ეს არის ახალი სტილის მოთამაშე გუნდისთვის, რადგან კომპანიის ეპოქა იწყება და მან კარგად იცის, რომ ამ გუნდს გრძელი „სკამი“ სჭირდება“, – წერს ინტერნეტ-პორტალი.
lancs.live ამტკიცებს, რომ „ბარნლის“ ამ მიზნისთვის თანხები გააჩნია:
„გუნდმა გააძლიერა შემტევი ნახევარდაცვა, მაგრამ შეტევაში გაძლიერება სჭირდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავდამსხმელების შესაძენად 70 მილიონი ფუნტის დახარჯვა, რომელიც მიიღეს მაკნილის, კორნეტის, კოლინზისა და პოპის გაყიდვიდან. გუნდს 46 მატჩი ელის და „ბარნლის“, პოტენციალის მიუხედავად, არ აქვს ისეთი გრძელი სათადარიგოთა სკამი, როგორიც ასეთ ხანგრძლივ და რთულ სეზონშია საჭირო. ჩემპიონშიფის დაწყებამდე დარჩენილია სამი კვირა, მწვრთნელს კი სურს, რომ ჩემპიონატის მოგების საუკეთესო შანსი ჰქონდეს“.