მიქაუტაძის წარმატებული სტარტი - გიორგი ფრანგებმა მატჩის მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
სეზონი დაიწყო და გიორგი მიქაუტაძემ პირველივე შეხვედრაში თავი შესანიშნავი თამაშით გამოიჩინა – 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 2 შედეგიანი მოქმედება შეასრულა და წლის პირველი აღიარებაც დაიმსახურა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის გახსნის მატჩში ქართველი თავდამსხმელის გუნდმა, „მეცმა“ „ამიენი“ 3:0 დაამარცხა, გიორგიმ კი პირველ შეხვედრაში ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
Grenat Time-მა „ამიენთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ გიორგი მიქაუტაძე დაასახელა. ეს გვერდი სოციალურ ქსელში „მეცის“ გულშემატკივრებმა 2012 წელს შექმნეს, რომელიც აშუქებს და აჩვენებს გუნდის მატჩებს, აქვეყნებს ლაივ-ტექსტს, მატჩების ლინკებს, კლუბზე სატრანსფერო სიახლეებს…
„სეზონი ძალიან გრძელია. ამიტომ სახლში პირველივე მატჩი კარგად უნდა დაგვეწყო. ჩემი მიზანი? ეს არის ბურთის შეგრძნების აღდგენა, შემდეგ ვხედავ, რომ შემიძლია დარტყმა და ასე გრძელდება. ეს კარგია გუნდისთვისაც. ბრაჰიმა ნიანესთან ერთად ვარჯიშზე ბევრს ვსაუბრობთ, ვცდილობთ ერთმანეთის გავუგოთ. მატჩის ბოლოს „სენ-სიმფორიენის“ ტრიბუნიდან ტაშმა ძალიან გამახარა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და ასეც უნდა გავაგრძელოთ“ – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.