მიქაუტაძის უიღბლო დღე - „ლიონმა“ სეზონში პირველად გაიმარჯვა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „სტრასბურგს“ უმასპინძლა და დაძაბულ და სანახაობრივ დაპირისპირებას 63-ე წუთამდე 1:3-ს აგებდა, მაგრამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 4:3.
გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 59 წუთი ითამაშა. ძალიან აქტიური იყო, შეტევებს ამწვავებდა და ახალ გუნდში სადებიუტო გოლის გატანას ცდილობდა, მაგრამ ევრო 2024-ის საუკეთესო ბომბარდირს მსგავსი უიღბლო შეხვედრა კარიერაში ალბათ არ ჩაუტარებია. 23-ე წუთზე გატანა შეეძლო, მაგრამ „სტრასბურგი“ მეკარემ გადაარჩინა. შესვენებამდე ქართველ თავდამსხმელს კიდევ ოთხი რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.
მეორე ტაიმში, როდესაც „ლიონი“ 1:3-ს აგებდა, გიორგი შეცვალეს და სულ რაღაც ოთხ წუთში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს – 61-ე წუთზე სხვაობა ნეიტლანდ-ნილსმა შეამცირა, 63-ე წუთზე კი წონასწორობა შეცვლაზე შესულმა ნიგერიელმა, გიფტ ორბანმა აღადგინა, რომელმაც ცხრა წუთში ზუსტი თავური დარტყმით დუბლი შეასრულა და „ლიონი“ დააწინაურა – 4:3. აღსანიშნავია, რომ ორბანს საგოლე გადაცემა მიქაუტაძის ნაცვლად შესულმა მალიკ ფოფანამ მიაწოდა.
ეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ პირველი გამარჯვება იყო, გიორგი მიქაუტაძე კი ამ მატჩის შემდეგ საქართველოში გამოემგზავრება და ერთა ლიგაზე სათამაშოდ ნაკრებს შეუერთდება.