მიქაუტაძის „სერენმა“ სტუმრად „სტანდარდს“ მოუგო - ქართველმა რამდენიმე შანსით ვერ ისარგებლა #1TVSPORT
ბელგიის ჩემპიონატის 31-ე ტურში ლიეჟის დერბი შედგა – გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ „სტანდარდს“ ესტუმრა და ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „სერენმა“ ბოლო ექვსი მატჩი წააგო და თან ბურთების კატასტროფული შეფარდება ჰქონდა – 0:15-ზე. სულ კი გუნდმა ბოლო 7 შეხვედრაში ვერ შეძლო მოგება და გოლის გატანა.
თუმცა „სტანდარტის“ წინააღმდეგ გუნდმა საუკეთესო თვისებები აჩვენა. შესვენებიდან ათი წუთის შემდეგ მიქაუტაძის გუნდმა ანგარიში გახსნა. ანტუან ბერნიე „სტანდარდის“ საჯარიმოში შეიჭრა, მეკარე ლორან ენკინეტს გასცდა და ცარიელი კარი აიღო – 0:1.
ამის შემდეგ, ძალიან მალე ანგარიშის გაორმაგების რეალური შანსი მიქაუტაძეს მიეცა. ქართველმა თავდამსხმელმა იბრაჰიმ სისესგანაც მიიღო ბურთი, მაგრამ ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლა. მას შანსი ბერნიეს გადაცემის შემდეგაც ჰქონდა და თავის გამოჩენა ამჯერადაც ვერ მოახერხა.
თუმცა, საბოლოოდ, ქართველის გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა, „სტანდარდი“ 0:1 დაამარცხა და 26 იანვრის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. „სერენმა“ შვიდმატჩიანი მოუგებელი თამაშების სერია შეწყვიტა და 31 ტურის შემდეგ 26 ქულით ბოლოდან მეორე (მე-17) ადგილზეა.
მიქაუტაძის გუნდი 10 ქულით უსწრებს ბოლოადგილოსან „ბეერსჰოტს“, რომელიც ამ ჩამორჩენას ვეღარ გადალახავს და დაბალ ლიგაში დაქვეითდება, ხოლო „სერენს“ ჯერ კიდევ აქვს შანსი, ლიგაში ადგილი გადათამაშების გარეშე შეინარჩუნოს.