მიქაუტაძის პირველი გოლი იანვრის შემდეგ - „სერენმა“ ფრე ითამაშა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ დიდი ხნის შესვენების შემდეგ ბელგიის ჩემპიონატში ისევ გაიტანა. ქართველი თავდამსხმელი თუ იტანს, მისი გუნდი „სერენი“ იშვიათად აგებს. ამჯერადაც ასე მოხდა.
ბელგიის პროლიგის აუტსაიდერი „სერენი“ „ოსტენდეს“ ესტუმრა, რომელთანაც ჩამორჩენის შემცირების შანსი ჰქონდა – ლიეჟელები მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მოგება ბოლო წამს ხელიდან გაუშვეს.
გიორგი მიქაუტაძე „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სტუმრები დააწინაურა. მაგრამ „სერენმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – 90+3-ე წუთზე „ოსტენდემ“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც მახტარ გუიემ ზუსტად შეასრულა.
საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა და „სერენი“ 28 ქულით მე-17 ადგილზეა, რაც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგის თითქმის სამი თვე გოლი ვერ გაჰქონდა – ბოლოს მეტოქის კარი 27 იანვარს „ბეერსჰოტთან“ შეხვედრაში აიღო.