მიქაუტაძის ორი რეკორდი - საფრანგეთის ლიგა 1-ში ზამთარში გადასულ არცერთ სხვა მოთამაშეს 11 გოლი არ გაუტანია # 1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მე-6 მატჩში გაიტანა გოლი, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ მან ერთი რეკორდი გაიმეორა, ერთიც – დაამყარა.
ანდრეს ონრუბია რამოსი, Diario as-ის ჟურნალისტი
მიქაუტაძე ამჟამად ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელია. ის გავლენა, რომელიც მას აქვს „მეცზე“, არცერთ სხვა ფრანგულ კლუბზე მოთამაშეს არ გააჩნია. ქართველი საოცარი ფეხბურთელია!
გიორგი „მეცში“ გამორჩეულია. მის ანგარიშზე 27 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. „აიაქსმა“ ის „მეცს“ 10 მილიონ ევროდ ყიდვის ოფციით დაუთმო. თუ ქართველი „მეცის“ გადარჩენას მოახერხებს, ეს ლიგა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სასწაული იქნება.
ლიგა 1-ის ვებგვერდის ინგლისური ვერსია
მიქაუტაძეს ერთი მისია აქვს – გადაარჩინოს „მეცი“ ლიგა 2-ში დაქვეითებას.
Sociosfcmetz
გიორგი მიქაუტაძე „მეცის“ პირველი მოთამაშეა, რომელმაც ლიგა 1-ის ზედიზედ ექვს მატჩში მოახერხა გოლის გატანა. „მეცში“ დაბრუნების შემდეგ ეს მისი მე-11 გოლია. ბოლოს ასეთი რამ 1985 წელს ჟიულ ბოკანდემ შეძლო.
VibesFoot
თუ „მეცი“ ლიგა 1-ში დარჩენას მოახერხებს, ეს გიორგი მიქაუტაძის დამსახურება იქნება.
supp_Lorient
მიქაუტაძე ყველას აჩვენებს, როგორი უნდა იყოს თავდამსხმელი!
PassionFootClub
თუ „მეცი“ ლიგა 1-ში დარჩება, კლუბმა გიორგი მიქაუტაძეს დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს.
Footballogue
მიქაუტაძე „აიაქსიდან“ „მეცში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და ამის შემდეგ 11 გოლი გაიტანა, ასეთი რამ ლიგა 1-ის ისტორიაში არავის გაუკეთებია – ეს ისტორიაა.
მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი ლიგა 1-ში არ უთამაშია, მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ამავე დროს, ქართველი ფორვარდი ლიგა 1-ის ბომბარდირთა შორის მეექვსე ადგილზე დაწინაურდა.