გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ გათამაშების ლიდერს, „ლე ავრს“ უმასპინძლა და დაძაბული თამაში ფრედ დაასრულა 1:1.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ლიგის საუკეთესო ბომბარდირს „ლე ავრის“ მცველები გასაქანს არ აძლევდნენ.
ლიდერთან ქართველის გუნდმა თამაში სასურველი სცენარით დაიწყო და მე-20 წუთზე იუსუფ მაზიზის გოლით დაწინაურდა. მაგრამ „ლე ავრმა“ შესვენების შემდეგ წონასწორობა 46-ე წუთზე ამირ რიჩარდსონის გოლით აღადგინა – 1:1.
მცველების დიდი წნეხის მიუხედავად, მიქაუტაძე აქტიური იყო და რამდენჯერმე თამაში გაამწვავა. 66-ე წუთზე მისი სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია. 77-ე წუთზე გიორგიმ შესანიშნავი დრიბლინგით მცველები გზიდან ჩამოიშორა და შორიდან ძლიერად დაარტყა, მაგრამ კარს სანტიმეტრებით ააცილა.
საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და 27 ტურის შემდეგ „მეცი“ 45 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა. გათამაშების ლიდერია „ლე ავრი“ (56), შემდეგ მოდიან ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ (47) და „სოშო“ (46).