მიქაუტაძის „მეცი“ პსჟ-თან დამარცხდა და პლეი აუტში ითამაშებს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საფრანგეთის ლიგა1-ის ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა, 0:2 დამარცხდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი აუტში ითამაშებს.
პარიზელებმა ჩემპიონობა ფინიშამდე დიდი ხნით ადრე მოიპოვეს, კილიან მბაპე სათადარიგოებში იყო და მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. პსჟ-მ 34-ე ტურის შეხვედრა კარგად დაიწყო და ორბურთიანი უპირატესობა სწრაფად მოიპოვა. მე-7 წუთზე კარლოს სოლერმა შორიდან გაიტანა („მეცის“ მეკარე შეცდა). ხუთ წუთში კი ლი კანგ-ინმა მასპინძლებს მეორედ გაუტანა.
მიქაუტაძეს 62-ე წუთზე შეეძლო სხვაობის შემცირება, ეფექტური ფინტით დანილო პერეირა ჩამოიშორა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ პსჟ-ს მეკარე კეილორ ნავასმა ქართველ თავდამსხმელს სეზონში მე-14 გოლის გატანის შანსი არ მისცა. 83-ე წუთზე გიორგის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა და, საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში „ლორიანმა“ წარმოუდგენელი შეძლო. „კლერმონი“ 5:0 დაამარცხა, „მეცს“ ქულებითაც (29) დაეწია და ბურთების სხვაობაში 7-ბურთიანი ჩამორჩენაც გააბათილა (რაც თანაბარი ქულებისას გადამწყვეტი უპირატესობაა).
თუმცა, სხვა დამატებითი მაჩვენებლით („ლორიენს“ ურთიერთშეხვედრებში სტუმრად 3 გოლი გაუტანა) „მეცი“ მე-16 ადგილზე დარჩა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნების შანსი აქვს. საამისოდ, მიქაუტაძის გუნდმა პლეი აუტში უნდა გაიმარჯვოს.