მიქაუტაძის „ლიონი“ „არსენალთან“ დამარცხდა #1TVSPORT
მიქაუტაძის „ლიონი“ „არსენალთან“ დამარცხდა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ „ემირატების თასის“ ფინალში ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის ქართველი თანაბომბარდირი ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. მატჩი კი „არსენალის“ უპირატესობით მიმდინარეობდა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

ახალი სეზონის დაწყებამდე ეს ორივე გუნდისთვის ბოლო ამხანაგური მატჩი იყო. „ემირატების თასი“ ტრადიციაა „მეთოფეებისთვის“, რადგან სეზონის გახსნამდე ისინი მთავარი სპონსორის სახელობის თასს ათამაშებენ, რომელშიც „ლიონი“ უკვე მეათედ მიიწვიეს.

ინგლისელებმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. მე-9 წუთზე უილიამ სალიბამ ანგარიში გახსნა, ხოლო 27-ე წუთზე ლონდონელების უპირატესობა ბრაზილიელმა მცველმა, გაბრიელმა გაზარდა.

მიქაუტაძეს მეორე ტაიმში შეეძლო გატანა – 50-ე წუთზე. აბნერმა ქართველი თავდამსხმელი საჯარიმოსთან მოძებნა, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ლიონი“ შემდეგ შეხვედრას 18 აგვისტოს გამართავს – გუნდი საკუთარ მოედანზე საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში „რენს“ უმასპინძლებს.