მიქაუტაძის გუნდის ზედიზედ მეექვსე წაგება - „სერენის“ მწვრთნელი გადადგა #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ძალიან აქტიური იყო და გოლის გატანის ბევრი მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ მოახერხა, ხოლო მისი „სერენი“ დამარცხდა და მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა ჟორდი კონდომმა პოსტი დატოვა.
ბელგიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩი გუნდისთვის და ქართველი თავდამსხმელისთვის უიღბლო გამოდგა. „სერენი“ „მეხელენს“ ესტუმრა, 21 წლის მიქაუტაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ვერც გუნდმა აჩვენა კარგი ფეხბურთი, გიორგიმაც ამჯერად თავი ვერ გამოიჩინა და მისი გუნდი 0:2 დამარცხდა.
„სერენმა“ 21 ტურში მხოლოდ 19 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა მე-17 ადგილი დაქვეითდა, რაც ესპანელი მწვრთნელის, ჟორდი კონდომის გადადგომის მიზეზი გახდა. ცხადია, გუნდის ცუდი თამაში ქართველ თავდამსხმელზეც აისახა, რომელსაც 30 ნოემბრის შემდეგ, ბოლო 5 მატჩი არ გაუტანია.
ამის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძე მაინც წლის ყველაზე გამორჩეული თავდამსხმელი იყო და მიმდინარე სეზონშიც, მთლიანობაში, ჩავარდნა მხოლოდ ახლა აქვს – მან 18 მატჩში 11 გოლი გაიტანა – 7 ჩემპიონატში, 3 – ბელგიის თასზე.
ამ მატჩით ბელგიაში თამაშები დასრულდა და გუნდები საახალწლოდ მცირე დროით დაისვენებენ, ხოლო ჩემპიონატს 15 იანვარს განაახლებენ და „სერენი“ ჯუპილერლიგის ლიდერს, „უნიონს“ საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს.