მიქაუტაძის ბოლო ცეკვა „სერენში“ - ფრანგულმა მაუწყებელმა ქართველი პლეი ოფში „სერენის“ იმედად მონათლა #1TVSPORT
ფრანგულმა რეგიონულმა მაუწყებელმა, viamoselle.tv-მა ოფიციალურ ვებგვერდზე წერილი გამოაქვეყნა გიორგი მიქაუტაძეზე, რომელიც საფრანგეთის ლიგა1-ის „მეცმა“ ბელგიის პირველი დივიზიონის „სერენში“ ერთი წლით იჯარით გაუშვა.
საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელმა 21 მატჩში 19 გოლი გაიტანა და ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. „სერენი“ კი ბელგიის ჯუპილერ ლიგაში (უმაღლესი დივიზიონი) გადასასვლელად პლეი ოფში „ბევერენს“ დაუპირისპირდა და პირველი მატჩი 1:1 დაასრულა, გოლი კი ისვე მიქაუტაძემ გაიტანა.
„მიქაუტაძის ბოლო ცეკვა „სერენში“ – „მეცის“ სატელიტი კლუბი „სერენი“ 8 მაისს, მეორედ „ვაასლანდ-ბევერენს“ ბელგიის ჯუპილერ დივიზიონის პლეი ოფის განმეორებით მატჩში შეხვდება. „სერენს“ სჭირდება დიდი გიორგი მიქაუტაძე, ჩემპიონატის ბომბარდირი, რათა პროფესიონალურ ლიგაში გადასვლის იმედი შეინარჩუნოს. ეს სავარაუდოდ, 20 წლის თავდამსხმელის უკანასკნელი ცეკვა იქნება „სერენში“, რადგან მომდევნო სეზონში „მეცს“ უბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი გასულ თვეში 2025 წლამდე განაახლა“, – წერია viamoselle.tv-ის ვებგვერდზე.
ჟორჟ მიქაუტაძე 2000 წლის 31 ოქტომბერს საფრანგეთში, ლიონში დაიბადა. მისი დებიუტი „მეცში“ 2019 წლის 7 დეკემბერს ლიგა 1-ის მატჩში, „ნიცას“ წინააღმდეგ შედგა. „მეცმა“ 2019 წლის 10 დეკემბერს მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მიქაუტაძისთვის ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი იყო. 2020 წელს იჯარით ბელგიის პირველი B ლიგის (მეორე ლიგა) „სერენში“ გადავიდა, სადაც მალევე გუნდის ლიდერად იქცა და 21 მატჩში 19 გოლით ლიგის ბომბარდირი გახდა.
საფრანგეთში დაბადებული მიქაუტაძის დებიუტი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ შედგა.