მიქაუტაძის „აიაქსიდან“ წასვლაზე ინფორმაცია ვრცელდება - „მეცში“ იჯარა შეიძლება ორივე მხარისთვის გამოსავალი იყოს #1TVSPORT
თუ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრამდე“ დარჩენილ 2 თვეში „აიაქსი“ გიორგი მიქაუტაძისადმი დამოკიდებულებას არ შეიცვლის, საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცი“ ქართველი თავდამსხმელის დაბრუნებას და ნიდერლანდელებისგან 23 წლის ფორვარდის ექვსთვიანი იჯარით წაყვანას შეეცდება, – ინფორმაციას ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაჩე-ტერა X-ზე (ყოფილი Twitter) ავრცელებს, რომელმაც ზაფხულში პირველად გაასაჯაროვა, რომ ამსტერდამული კლუბი გიორგით დაინტერესდა.
„არის ალბათობა, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსი“ მალე დატოვოს. 23 წლის ქართველის დაბრუნებით „მეცი“ დაინტერესდა. მიქაუტაძის დროებითი გამგზავრება შეიძლება ყველა მხარისთვის გამოსავალი იყოს. მიქაუტაძის იჯარა იქნება საშუალება, რომ „აიაქსმა“ თავდამსხმელს ლიგა 1-ში გოლების გატანის საშუალება მისცეს. ეს კლუბებს მოიზიდავს და გაზრდის იმ მოთამაშის საბაზრო ღირებულებას, რომელიც, გუნდის წარმომადგენელთა თქმით, „აიაქსის“ სტილს არ შეესაბამება“, – წერს მოჰამედ ტუბაშ-ტერი.
გამოცემა footballtransfers კი ამტკიცებს, რომ „აიაქსიდან“ გიორგის წასვლა გარდაუვალია და ტრანსფერით უკმაყოფილო მიქაუტაძე შესაძლოა ძველ კლუბში დაბრუნდეს.
„მიქაუტაძე ლიგა 2-ში გასულ სეზონში ნამდვილი სენსაცია იყო, სადაც 37 მატჩში გატანილი 23 გოლით ლიგის ბომბარდირი გახდა. მიმდინარე სეზონში, სანამ „აიაქსში“ გაემგზავრებოდა, ლიგა 1-ში სამი მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ „აიაქსში“ ჯერჯერობით იმედგაცრუებულია. ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 165 წუთი ითამაშა და არც გოლი და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია“, – წერს footballtransfers.
„მიქაუტაძემ, ისევე როგორც ჩუბა აკპომ, ყოფილ მწვრთნელს, მორის სტეინს ჰკითხა, ცენტრალური თავდამსხმელი შანსს როდის მიიღებდა. ასევე უთხრა, რომ მარჯვენა ფლანგზე და მე-10 ნომრის პოზიციაზე თამაშს აზრი არ ჰქონდა, ამას სჯობს, სკამზე ვიჯდეო. მიქაუტაძემ „აიაქსში“ ბოლოს 22 ოქტომბერს ითამაშა, როდესაც ამსტერდამელები „უტრეხტთან“ 4:3 დამარცხდნენ. მიქაუტაძე მოედანზე დამატებულ წუთებზე შევიდა“, – ეს ESPN-ის მიმომხილველის, კრისტიან უილაერტის სიტყვებია.